5 000 მეტრის სიმაღლის მწვერვალებს შორის შეყუჟული სვანეთი, რომელიც თბილისიდან 10 საათის სავალ გზაზე მდებარეობს, ბუნებრივი ციხე-სიმაგრეა. საუკუნეების განმავლობაში მისი მცხოვრებლები სამლოცველოებსა და საკუთარ სახლებში ინახავდნენ საგანძურს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ მუზეუმს დაამშვენებდა.
მას მურთაზ ფარჯიანი გვიჩვენებს. ეს კარადასავით კაცი, მის საგანძურს ფხიზლად დარაჯობს. სვანეთის ერთ-ერთ სოფელ ლატალში, რომელიც საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, XI საუკუნის საუცხოო სამლოცველოა აღმართული, რომლის გასაღებიც მხოლოდ მასთან ინახება. ეს სამლოცველო ოქროს ხატებს, კედლის მხატვრობის ნიმუშებს და ძვირფასი ქვებისგან გაწყობილ თაროებს ინახავს, რომლებიც თავიანთი სინატიფით, საოცარ კონტრასტს ქმნიან მის მცველთან, რომელიც მოჭიდავეების მწვრთნელია. 45 წლის მურთაზს, ხარის კისერი და ანგელოზის თავაზიანობა გამოარჩევს. იგი თავის ოჯახთან ერთად, ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს ამ მთიან რეგიონში. ბევრი არაფერი გააჩნია, მაგრამ მისი განძი ფასდაუდებელია. ის სხვა მცხოვრებლებთან ერთად, უნიკალური, მამაპაპისეული ქონების მემკვიდრეა. ესენია: ინკუსტრირებული განძი, მოვერცხლილი ხმლები, გამოთლილი ლანგრები, ოქროთი და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ხატები, ხელნაწერები, ალექსანდრე დიდის მონეტა. ეს განძი ლუვრის მუზეუმსაც დაამშვენებდა. უამრავი ნაკეთობა ხელუხლებლად ინახება მათი ეკლესიებისა და სახლების ზარდახშებში. “უმრავლეს შემთხვევაში, სოფლებს ბევრი სამლოცველო აქვთ” – ჰყვება მურთაზი. თითოეულის გასაღებს მისი მცველი ჰყავს, რომლებიც ტრადიციულად, სოფლების მიერ შერჩეული ძლიერი გვარების წარმომადგენლები არიან, რადგან დამპყრობლებთან ბრძოლას, სწორედ ძლიერი გვარის წარმომადგენლები სჭირდებოდა. საბჭოთა კავშირის დროს გვარები, რომლებიც კომუნისტურ რეჟიმს და მისთვის დამახასიათებელ ანტი-ქრისტიანულობას განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდნენ, აღრიცხვაზე ჰყავდათ აყვანილი. მურთაზის სვანურ ოჯახში, მამების ექვსი თაობა გადასცემთა შვილებს მცველთა ამ ესტაფეტას.
მხოლოდ ერთი სერიოზული ქურდობა დაფიქსირდა. 1979 წელს ბანდიტებმა ლათას ეკლესია გაძარცვეს. უიშვიათესი, ოქროს ფირფიტებით და ძვირფასი ქვებით მოჭედილი XIII საუკუნის ვენეციური ჯვარი გაიტაცეს. 1981 წელს, მას ოდესაში მიაგნეს და თავის ადგილას, ძირძველ ეკლესიაში დააბრუნეს. “სვანებში სულიერების ესთეტიზმი ძალიან მაღალია” – გვიხსნის ადგილობრივი ეთნოგრაფი თათო გუჯეჯიანი – “ისინი ამაყობენ, რომ კაცობრიობის კულტურის მცველები არიან”. იგი იხსენებს, რომ 1921 წელს, როდესაც ეროვნული მთავრობის წევრები ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ ემიგრაციაში წავიდნენ, მათ შავი ზღვით გემებზე უამრავი საგანძური გადაიტანეს, მაგრამ პარიზში ემიგრაციაში სიღატაკეში ცხოვრობდნენ და ისე გარდაიცვალნენ, რომ ამ განძისთვის თითი არ დაუკარებიათ. მერე კი 1945 წელს საქართველოში დააბრუნეს.
No comments:
Post a Comment