ვის არ აღაფრთოვანებს ამ სილამაზის დანახვა. ყველა ქართველმა უნდა ნახოს ეს ადგილი და არა მხოლოდ ერთხელ. დამთვალიერებლებს ვურჩევ გერგეტის სამებამდე ფეხით ავიდნენ. მართალია დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ საოცარ შთაბეჭდილებებს მიიღებთ. ამ გზას "მორწმუნეების გზას" უწოდებენ.
გეოგრაფია
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში,მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის ქვეშეთის უბნის შემადგენლობაში შედიოდა, 1917-30 წლებში — დუშეთის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სამხრეთ-აღმოსავლეთით ისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტით, სამხრეთით საზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ჯავის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით კი რუსეთის ფედერაცია. მუნიციპალიტეტის ფართობია – 1081.7 კმ².
ღირსშესანიშნაობები
სოფელ სიონში დგას IX-X სს. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი - სამნავიანი ბაზილიკა, ე.წ. ხევის სიონი.
სოფელ გარბანის ზემოთ აღმართულია - გარბანის ეკლესია, რომელიც მიეკუთვნება IX-X სს. მიჯნას.
მნიშვნელოვანია ასევე გერგეტის სამება. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრებით. გერგეტის სამება ხევის უმთავრესი სამლოცავი იყო. მდინარე სნოსწყლის ნაპირზე განცალკევებით მდგარ კლდოვან გორაკზე აღმართულია სნოს ციხე. მნიშვნელოვანია აგრეთვე არშისა და დარიალის ციხესიმაგრეები.
არშის ციხე აღმართულია ციცაბი კლდეზე. ციხის შიგნით რამდენიმე ათასი კაცი დაეტეოდა, რაც გამოდგებოდა მტრის შემოსევის დროს ხევის მოსახლეობის დიდი ნაწილის შესახიზნათ. ქართველი მეცნიერის ვახუშტის მიხედვით, არშის ციხე შექმნილია ადამიანის ხელის გარეშე და კაცთაგან შეუვალია.
მნიშვნელოვანია ასევე ბეთლემის გამოქვაბული, რომელიც მდებარეობს მყინვარწვერის მასივზე, დაახლ. 4100 მ-ზე. ბეთლემის გამოქვაბული გამოკვლეულ იქნა 1948 წელს ქართველი მთამსვლელის ალექსანდრა ჯაფარიძის (1895-1974) მიერ.
ეს საინტერესოა . . .
2002 წლის 16 ივლისს, წირვის შემდეგ მისმა უწმიდესობამ ბრძანა: „დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სულყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ“.
ამ დღიდან 16 ივლისს აღინიშნება "სიყვარულის დღესასწაული"
No comments:
Post a Comment